დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძესა და დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან ერთად, ქსანში, #7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ახალი კომპლექსი მოინახულა. ახალი შენობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაიხსნება. ხათუნა კალმახელიძის თქმით, დასავლური სტანდარტების შესაბამის ახალ კოპლექსში გადაყვანის შემდეგ, ამჟამად მოქმედ ქსნის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოვიძიოთ კიდევ ერთი ასეთი დაწესებულების ასაშენებლად, რათა საქართველოში მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ არსებობდეს"-აღნიშნა მინისტრმა. თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი თანამედროვე სტანდარტები, ქვეყანას, სასჯელაღსრულების სფეროში ცივილიზებულ მდგომარეობასთან მიიახლოვებს. დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გაბედული, რეფორმატორული ნაბიჯები მისასალმებელია, ახალი კომპლექსი, კი, დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობას შეამსუბუქებს.